ქართველი გეოგრაფი და ანთროპოლოგი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1920), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე პრეზიდენტი (1924-1940), პრეზიდენტი (1940-1970) და საპატიო პრეზიდენტი (1970-1973), ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი (1933-1962) ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი დაიბადა 1875 წლის 5 აგვისტოს, ქ. გორში. პირველდაწყებითი განათლება მან მიიღო ჯერ თბილისის სათავადაზნაურო ვაჟთა სასწავლებელში, ხოლო შემდგომ თბილისის ვაჟთა მეორე კლასიკურ გიმნაზიაში. 1895 წელს, გიმნაზიის წარჩინებით (ვერცხლის მედლით) დამთავრების შემდეგ, ალექსანდრე ჯავახიშვილმა სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1900 წელს, პირველი ხარისხის დიპლომით და აქვე იქნა დატოვებული მომავალი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის მოსამზადებლად.
ალექსანდრე ჯავახიშვილი აქტიურად მონაწილეობდა თსუ–ს დაარსებასა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ფორმირება–ორგანიზებაში, რაზეც მეტყველებს 1917 წლის 17 ოქტომბრის ოქმი. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში გეოგრაფიული მეცნიერების დანერგვა–განვითარებაში, გეოგრაფიული დაწესებულებების შექმნასა და ახალგაზრდა კადრების აღზრდაში. უნივერსიტეტში მოღვაწეობის პერიოდში (1920-73) მან მოაწყო გეოგრაფიული განყოფილების არაერთი კათედრა, სამეცნიერო–კვლევითი და სასწავლო კაბინეტები, გეოგრაფიული მუზეუმი და ბიბლიოთეკა. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით დაარსდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება (1924) და ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი (1933).
ალექსანდრე ჯავახიშვილის პატივსაცემად მისი სახელი ეწოდა ერთ–ერთ მწვერვალს ცენტრალურ კავკასიონზე და საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებას. 2006 წლამდე ცნობილი მეცნიერის სახელს ატარებდა აგრეთვე ყოფილი გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა, რომელიც მდებარეობდა თსუ პირველ კორპუსში, ფაკულტეტის კუთვნილ ერთ–ერთ ოთახში (ამჟამად აუდ. № 220).